Citroën-ის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული მოდელი ბაზარზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილის სახით ბრუნდება.
12/10/2026
  • 2026 წლის პარიზის ავტოსალონზე Citroën ლეგენდარულ მოდელს აცოცხლებს და 2 CV Concept-ს წარადგენს — თანამედროვე, ორიგინალური და ინოვაციური კონცეფციის ავტომობილს, რომელიც მომავლის მართვით გამოწვევებს პასუხობს.

  • ორიგინალური მოდელის სულისკვეთებით შექმნილი კონცეპტუალური ავტომობილი აერთიანებს იმ ძირითად ღირებულებებს, რომლებიც ყოველთვის განსაზღვრავდა 2 CV-ს: ხელმისაწვდომი ფასი, სიმსუბუქე, პრაქტიკულობა, მრავალფუნქციურობა და გზაზე გამორჩეული ხასიათი.

  • სულ რაღაც 3,76 მეტრი სიგრძის კონცეპტუალური ავტომობილი გადაადგილების თავისუფლებას, გამოყენების სიმარტივესა და ხელმისაწვდომ ელექტრომობილობას განასახიერებს.

  • მისი ორიგინალური და მიმზიდველი დიზაინი აერთიანებს 2 CV-სთვის დამახასიათებელ ყველა გამორჩეულ ელემენტსა და მომხიბვლელობას, რომლებიც თანამედროვე სტილშია გადმოცემული და მრავალ დეტალში წინამორბედისადმი პატივისცემას გამოხატავს.

  • თვალისმომჭრელი, ფერადი ინტერიერი ინარჩუნებს ამ ლეგენდარული მოდელის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას და გამოირჩევა სივრცით, კომფორტითა და დაკავშირების თანამედროვე შესაძლებლობებით.

  • 2 CV Concept განასახიერებს იმ მომავალი მოდელის კონცეფციას, რომელსაც ბრენდი მომდევნო ორი წლის განმავლობაში წარადგენს. ევროპაში წარმოებული ავტომობილის საწყისი ფასი დაახლოებით 15 000 ევრო იქნება და ის მომავალ E-Car რეგულაციებს დააკმაყოფილებს.

პუასი, 2026 წლის 11 ოქტომბერი — ზოგიერთი ავტომობილი თავის ეპოქას განსაზღვრავს, ზოგი კი დროს უძლებს. იშვიათად თუ განასახიერებდა რომელიმე მოდელი თავისუფლების უნივერსალურ იდეას ისე შთამბეჭდავად, როგორც Citroën 2 CV. დღეს Citroën ამ ლეგენდით შთაგონებულ, სრულიად თანამედროვე ინტერპრეტაციას წარადგენს, რომლის დებიუტიც 2026 წლის პარიზის ავტოსალონზე შედგება: 2 CV Concept. სრულად ელექტრული, მინიმალისტური, ხელმისაწვდომი, კომპაქტური და ორიგინალური კონცეპტუალური ავტომობილი 2 CV-ის სულისკვეთებას დღევანდელ გამოწვევებს უსადაგებს და წინასწარ გვაცნობს ახალ მოდელს, რომელიც Citroën-ის მოდელების ხაზს 2028 წლამდე შეუერთდება. გამორჩეული, ახალი და მხიარული სტილის ავტომობილის მიზანია, ელექტრომობილობის მიმზიდველობა ხელახლა წარმოაჩინოს.

„2 CV-ის ხელახლა შექმნა წარსულის ავტომობილის გამეორებას არ ნიშნავს. მთავარია, თავიდან გავიაზროთ ის, რაც ამ მოდელს უნიკალურს ხდიდა: სიმარტივე, ხელმისაწვდომობა და თავისუფლება, რომელსაც ის ადამიანებს ანიჭებდა. 2 CV Concept-ით ამ სულისკვეთებას დღევანდელ რეალობაში გადმოვიტანთ, რათა ელექტრომობილობა უფრო მარტივი, ადამიანზე მორგებული და მიმზიდველი გავხადოთ. სამყარო შეიცვალა, მაგრამ იდეა უცვლელი დარჩა: Citroën-თან ერთად ცხოვრება უფრო ლამაზი უნდა გახდეს“, — ქსავიე შარდონი, Citroën-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მთავარი სათქმელი მოკლედ…

2 CV-ის წარმატების საფუძველში არსებული იდეის ხელახლა გააზრება

  • მიზანი არ ყოფილა 2 CV-ის ზუსტი ასლის შექმნა. ამოსავალი წერტილი მომავლის პატარა ელექტრომობილის წარმოდგენა იყო — პრაქტიკული, მიმზიდველი და სიცოცხლის ხალისით სავსე ავტომობილი, რომელიც ყოველდღიურ მოკლე მგზავრობებს კვლავ სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.

  • 2 CV შთაგონების წყაროა. 1948 წელს პარიზის ავტოსალონზე წარდგენილი მოდელი პრაქტიკულ მოთხოვნებზე დაყრდნობით შეიქმნა. მისი მიზანი ლეგენდად ქცევა არ ყოფილა. ის ლეგენდარული გახდა იმ შესაძლებლობების წყალობით, რომლებსაც ადამიანებს სთავაზობდა: მუშაობის, მოგზაურობის, თითქმის ყველგან გადაადგილებისა და ცხოვრებით სრულად ტკბობის შესაძლებლობას.

  • მას შემდეგ სამყარო შეიცვალა, თუმცა იდეა უცვლელი დარჩა: გონივრული ტექნიკური მოთხოვნების ხელახლა განსაზღვრა, რაც აუცილებელ საჭიროებებზეა ორიენტირებული და ზედმეტ დეტალებს გამორიცხავს, რათა ადამიანებს მეტი თავისუფლება მიანიჭოს. ორიგინალური მოდელით შთაგონებული, მაგრამ ნოსტალგიისგან თავისუფალი ახალი ავტომობილი ელექტრომობილობის განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს — ის უნდა იყოს სახალისო, ხელმისაწვდომი და ადამიანზე მორგებული. მიზანი წარსულის გამეორება კი არა, იმ იდეის ხელახლა გააზრებაა, რომელმაც მოდელი წარმატებულად აქცია.

2 CV-ის სულისკვეთება ელექტრომობილობის გამოწვევებს ხვდება

  • პატარა ელექტრომობილების ახალი თაობის შექმნა, რომელიც ევროპის ახალ E-Car რეგულაციებს შეესაბამება და Ami-სა და C3-ს შორის დაიკავებს ადგილს. მისი მიზანია გადაადგილების მეტი თავისუფლების შეთავაზება გამორჩეული ხასიათის შენარჩუნებით.

  • ევროპაში წარმოებული მოდელი, რომლის საწყისი ფასი დაახლოებით 15 000 ევრო იქნება, ელექტრომობილობას რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

  • ეს მიდგომა განსხვავდება ბაზრის გავრცელებული ტენდენციისგან, სადაც ავტომობილები სულ უფრო დიდი, მძიმე, რთული და ძვირი ხდება. ახალი კონცეფციის საფუძველია სიმარტივე, გონივრული გადაწყვეტილებები, სიმსუბუქე და მაღალი ეფექტიანობა. მიზანია პრაქტიკული, მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ავტომობილების შექმნა.

  • 3,76 მეტრი სიგრძის 2 CV Concept ორიგინალურ 2 CV-ზე მოკლეა, რაც გამორჩეული მახასიათებელია. ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა, რომელიც პატარა ავტომობილებისთვის დამახასიათებელ სიამოვნებასა და მანევრულობას აბრუნებს და მართვასა თუ პარკირებას ამარტივებს.

  • მანევრული, ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახერხებელი და გამორჩეული ხასიათის მქონე მოდელი ახალ სიცოცხლეს სძენს კატეგორიას, რომელსაც დიდი ხანია ნაკლები ყურადღება ექცევა. ქალაქშიც და სოფლის გზებზეც — 2 CV სხვადასხვა ტიპის გზებს ადვილად ერგება.

  • კონტროლირებული მასა — მიზანი დაახლოებით ერთი ტონაა. ნაკლები წონა უფრო მცირე და იაფ აკუმულატორს საჭიროებს, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის შესაბამის სავალ სიშორესა და ექსპლუატაციის დაბალ ხარჯებს უზრუნველყოფს.

  • ინოვაცია ყოველთვის ახალი ფუნქციების დამატებას არ ნიშნავს — ის გამარტივებასაც გულისხმობს. დიზაინის გადაწყვეტილებები ითვალისწინებს როგორც მასობრივ წარმოებას, ისე შეკეთების სიმარტივეს: ბრტყელი ზედაპირები, საქარე მინის ქვემოთ განთავსებული ჰაერის პირდაპირი შემშვები ღიობები და კორპუსისგან განცალკევებული ბამპერები, რომელთა დამოუკიდებლად შეცვლაც შესაძლებელია.

  • სიმარტივე ჩვეულებრივობას არ ნიშნავს. 2 CV Concept-ის საჭესთან დაჯდომა ნიშნავს, რომ ყოველდღიური მგზავრობა ღიმილით დაიწყოთ. მოდელი თანამედროვეობას გამოხატავს დიზაინით, სალონის კომფორტითა და ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული გადაწყვეტილებებით. ეს ყველაფერი 2 CV-ის სულისკვეთებით არის გააზრებული, რათა მგზავრებს ცხოვრება გაუადვილოს.

  • მსგავს ფილოსოფიას იზიარებს პარტნიორი Michelin-იც, რომელმაც შეიმუშავა „საბურავის უნივერსალური ციფრული ტყუპი“ — ინოვაცია, რომელიც ავტომობილს გარემო პირობების შესაბამისად ადაპტირების და საბურავების მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას აძლევს.

დიზაინი, რომელიც მემკვიდრეობასა და სიახლეს აერთიანებს

  • დიზაინის მთავარი გამოწვევა წარსულსა და ინოვაციას შორის კავშირის შექმნა იყო: მოდელის გამორჩეული იერსახისა და ინტერიერის შენარჩუნება ისე, რომ დიზაინი მხოლოდ წარსულის ნოსტალგიურ გამეორებად არ ქცეულიყო. ლეგენდის გაცოცხლება არა მისი კოპირებით, არამედ დიზაინის ენის ხელახლა გააზრებით, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს თანამედროვე ეპოქას.

  • ერთი შეხედვით ამოსაცნობი სილუეტი — 2 CV-ისთვის დამახასიათებელი უნიკალური პროპორციები და მომრგვალებული ფორმები უფრო მკაფიო ხაზებითა და მოცულობითი ზედაპირებით არის ინტერპრეტირებული, რაც ავტომობილს მეტ დინამიკურობას ანიჭებს.

  • წინა ნაწილი: კორპუსისგან გამოყოფილი მრგვალი ფარები, გამომსახველი LED განათების დიზაინი, გამოკვეთილი და დინამიკური კაპოტი, TPV მოდელით შთაგონებული ხაზები, ინტეგრირებული ჰაერის შემშვები ღიობები და გარედან ხილული საქარე მინის საწმენდები.

  • გვერდითი ნაწილი: ვერტიკალური საქარე მინა, მომრგვალებული და დინამიკური სახურავი, მომრგვალებული ფრთები და მკაფიო გვერდითი ხაზები; ფორმირებული კარის სახელურები, უკანა სვეტზე განთავსებული წაგრძელებული მოხვევის მაჩვენებლები, 2 CV-ით შთაგონებული 18-დუიმიანი ფოლადის დისკები და Michelin-ის საბურავები Heritage ლოგოთი და Citroën-ის შევრონებით.

  • უკანა ნაწილი: გამორჩეული სახურავის ხაზი და შავი უკანა კარი, რომელიც ბამპერამდე ჩამოდის — პირველი თაობის 2 CV-ის მსგავსად. უკანა კარის ორივე მხარეს განთავსებულია LED ფარები, სამი ჰორიზონტალური ზოლი, მოკლე უკანა გადმონაშვერი და ხილული სახელური. სანომრე ნიშანზე კი სხვადასხვა ქვეყანაში 2 CV-ისთვის შერჩეული მეტსახელებია გამოსახული.

ინტერიერი, როგორც ცხოვრების სტილი

  • სალონში 2 CV Concept ორიგინალური მოდელის სულისკვეთებას კომფორტულ, ნათელ, თბილ და მყუდრო გარემოში აცოცხლებს.

  • დიზაინი სივრცის უკეთ გამოყენებასა და მგზავრებისთვის მეტი ადგილის შექმნას ემსახურება: ტრადიციული დაფის ნაცვლად გამარტივებული კონსტრუქცია, ჩაღრმავებული კარის პანელები, ფართო და კომფორტული სავარძლები Citroën Advanced Comfort® ტექნოლოგიით და წინ გასაწევი წინა სავარძელი, რომელიც შესვენებას ნამდვილ დასვენებად აქცევს.

  • ნათელი და ჰაეროვანი სალონის თითოეულ ელემენტს თავისი დანიშნულება აქვს. ცენტრალური კონსოლის ნაცვლად გამოყენებულია მოსახსნელი სათავსო კალათა, კარის სახელურები რბილი ქსოვილის ზოლებისგან არის დამზადებული, ხოლო სხვა გადაწყვეტილებები პრაქტიკულობაზეა ორიენტირებული.

  • დაფის ნაცვლად განთავსებულ ცილინდრულ კონსტრუქციაზე დამონტაჟებულია ერთქიმიანი საჭე, მართვის ერთი ბერკეტი, საჭესთან განთავსებული გადამრთველები და Citroën Smart Vision დისპლეი, რომელიც მძღოლის ხედვის არეში ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას აჩვენებს. ასევე წარმოდგენილია 8-დუიმიანი კვადრატული „ფიზიტალური“ სენსორული ეკრანი, რომლის გრაფიკული დიზაინიც კომიქსებით არის შთაგონებული.

  • „Radioën“ — მოსახსნელი რადიო, რომელიც დინამიკის ფუნქციასაც ასრულებს და მგზავრებს როგორც ავტომობილის სალონში, ისე მის გარეთ მიჰყვება.

  • ქსოვილის სახურავი, რომელიც სალონში სინათლეს უშვებს, სივრცის შეგრძნებას აძლიერებს და თავისუფლების განცდას ქმნის.

  • სალონში არაფერია ზედმეტი — ყველაფერი ინტუიციურია. ტექნოლოგიები მომხმარებლის საჭიროებებს ემსახურება ისე, რომ ყურადღებას არ ფანტავს. მთავარი აქცენტი კომფორტულ და მშვიდ მგზავრობაზე კეთდება.

ფერები და მასალები, რომლებიც ხასიათს ქმნის: ენერგიის მოზღვავება

  • 2 CV ნათელი და თბილი ფერების პალიტრით ოპტიმიზმსა და სიცოცხლის ენერგიას გამოხატავს.

  • Infra Red-ის ექსტერიერი, რომლის საფუძველსაც ნარინჯისფერი ქმნის და რომელსაც ყვითელი და წითელი აქცენტები ემატება, ავტომობილს განსაკუთრებულ გამომსახველობას ანიჭებს.

  • სალონში 2 CV-ისთვის დამახასიათებელი კლასიკური ტარტანის ორნამენტი თანამედროვე ინტერპრეტაციით არის წარმოდგენილი. სავარძლები ენერგიული ყვითელი ტონებითაა გაფორმებული, რაც ინტერიერს მხიარულ ხასიათს სძენს. ბეჟი ფერის დეტალები, რომლებიც ბაკელიტს მოგვაგონებს, საჭეზე, მართვის ელემენტებზე, ინსტრუმენტების პანელსა და სავარძლების კიდეებზე გვხვდება.

  • იატაკზე, დაფასა და კარის პანელებზე გამოყენებულია ლერწმისა და კალათების წვნის ტექნიკით შთაგონებული ტექსტურირებული ქსოვილი.

  • ხისა და ბიოლოგიური წარმოშობის პლასტმასისგან დამზადებული კალათა, რომელიც 3D ბეჭდვის ტექნოლოგიით არის შექმნილი, და ხის დეტალები „Radioën“-ის გარშემო.

  • ღია ნაცრისფერი ფოლადის დისკები ყვითელი ფერის დეკორატიული ჩანართებით, რომლებზეც 2 CV-ის წარწერაა დატანილი.

წარსულის დეტალები, რომლებიც მემკვიდრეობასთან კავშირს აძლიერებს

  • 2 CV Concept-ის დიზაინში მრავლად გვხვდება დეტალები, რომლებიც ორიგინალურ 2 CV-სთან მჭიდრო კავშირს ქმნის და მის ისტორიულ მემკვიდრეობას უსვამს ხაზს.

  • საყვირისა და ელექტროძრავის ხმა ავტომობილის დაქოქვისას ორიგინალური 2 CV-ის ხმოვან მახასიათებლებს იმეორებს.

  • გულის ფორმის სტიკერები მოდელის პოპულარობას გამოხატავს.

  • საქარე მინაზე დატანილი ციფრები 48 / 90 / 26 აღნიშნავს 1948 წელს, როდესაც მოდელი პირველად წარადგინეს; 1990 წელს, როდესაც მისი წარმოება დასრულდა; და 2026 წელს, როდესაც კონცეპტუალური მოდელის პრეზენტაცია გაიმართა.

  • Michelin-ის საბურავებს შევრონის ფორმის განსაკუთრებული პროტექტორი აქვს, სანომრე ნიშანზე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2 CV-ისთვის შერჩეული მეტსახელებია გამოსახული.

  • სამუხრუჭე პედალზე კუა გამოსახული, ხოლო აქსელერატორის პედალზე — კურდღელი. ეს სახალისო დეტალი ავტომობილის შენელებისა და აჩქარების თავისუფლებაზე მიანიშნებს.

  • კარებში განთავსებული სათავსოები კვერცხების მოსათავსებლად არის შექმნილი. ეს დეტალი ორიგინალური მოდელის ტექნიკურ მოთხოვნებსა და მის პრაქტიკულ, გონივრულ გადაწყვეტებს ეხმიანება.

2 CV Concept-ით Citroën მხოლოდ წარსულის გასაცოცხლებლად უკანა ხედვის სარკეში არ იხედება — ის ხელახლა ქმნის იდეას, რომელსაც აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. უფრო ხელმისაწვდომი, მსუბუქი და პრაქტიკულ საჭიროებებზე მორგებული ელექტრომობილი, რომელიც თავისუფლებასა და მართვის სიამოვნებას კვლავ მთავარ ადგილს ანიჭებს. ახალი 2 CV ორიგინალური მოდელის სულისკვეთების ერთგულია, თუმცა სრულად ორიენტირებულია მომავლის საჭიროებებსა და გამოწვევებზე. რადგან ლეგენდის კოპირება შეუძლებელია — ის ხელახლა უნდა შეიქმნას.