Citroën წარმოგიდგენთ OUTDOOR-ს — კომპლექტაციის ახალ ვერსიას, რომელიც C3-ის, C3 Aircross-ისა და Ami-ის მოდელების ხაზს თავგადასავლების სულისკვეთებას სძენს და ყოველდღიურ თავგადასავლებზეა ორიენტირებული.
C3-ისა და C3 Aircross-ის MAX ვერსიებზე მაღლა განთავსებული OUTDOOR გამოირჩევა თამამი და გამორჩეული დიზაინით, მათ შორის, სპეციალური წინა ბამპერებითა და უნიკალური სავარძლებით. ამ ყველაფერს ემატება მოდელისთვის დამახასიათებელი გრაფიკული დეტალები და კომფორტის დამატებითი ელემენტები.
Khaki Green ფერში შესრულებული Ami OUTDOOR პატარა თავგადასავლების მოყვარულის გამორჩეულ იერს იძენს. დახურულძარიან ვერსიაში კი პირველად ჩნდება პანორამული სახურავის ღიობი.
OUTDOOR-ით Citroën პასუხობს მომხმარებლების სურვილს, ყოველდღიურ მგზავრობას მეტი ხასიათი და ემოცია შესძინონ — მიიღონ მეტი ძალა, თავისუფლების განცდა და გამორჩეული სტილი.
პუასი, 2026 წლის 22 სექტემბერი — Citroën წარმოგიდგენთ OUTDOOR-ს — ბრენდის სხვადასხვა მოდელისთვის შექმნილ ახალ კონცეფციას მათთვის, ვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი ემოცია სურს. Citroën-ისთვის თავგადასავალი არც გავლილი კილომეტრების რაოდენობას გულისხმობს და არც ექსტრემალურ მარშრუტებს. მთავარია, ყოველი მგზავრობა უფრო საინტერესო გამოცდილებად აქციო და ყოველდღიურობას ცოტა ჯადოსნურობა შემატო.
არავის სურს, რომ ყოველი დღე ერთნაირი იყოს. დღეს მომხმარებლები ეძებენ ავტომობილებს, რომლებიც მათ პიროვნებასა და ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის სურვილს გამოხატავს და ამასთანავე, ყოველდღიურ გზებზე მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებს. კროსოვერების პოპულარობა კვლავ იზრდება, რადგან საჭესთან მჯდომი თავს უფრო ძლიერად, თამამად და თავგადასავლებისთვის მზად გრძნობს.
C3-ის, C3 Aircross-ისა და Ami-ისთვის შექმნილი ახალი OUTDOOR ვერსიები მოდელების ხაზის სათავეშია მოქცეული. ისინი აერთიანებს პრემიუმ კლასის მახასიათებლებს, გამორჩეულ დიზაინსა და მოგზაურობითა და თავგადასავლებით შთაგონებულ ვიზუალურ იდენტობას. Citroën-ის მართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტსა და სიმარტივეს ნიშნავს. OUTDOOR კი მას წარმოსახვის ელემენტს სძენს და ყოველდღიური რუტინისგან დროებით თავის დაღწევის შესაძლებლობას იძლევა. OUTDOOR მათთვისაა, ვისაც ყოველდღიური საზრუნავის მიღმა გახედვა და ჩვეული გარემოდან გასვლა სურს. Citroën OUTDOOR-ს სამ განსხვავებულ, ერთმანეთის შემავსებელ ვერსიად წარმოგვიდგენს:
C3 OUTDOOR — ქალაქის სწრაფი რიტმისგან თავის დასაღწევად
C3 Aircross OUTDOOR — მთელი ოჯახის თავგადასავლების თანამგზავრი
Ami OUTDOOR — თავგადასავლების სულისკვეთებით შექმნილი ღია სახურავის მქონე მიკროელექტრომობილი
OUTDOOR-ის ხასიათს განასახიერებს Migoo — კომიქსების სტილში შექმნილი, გამორჩეული პიროვნების მქონე პერსონაჟი. შთამბეჭდავი გარეგნობითა და ერთდროულად გამომსახველი და მომხიბვლელი სახით ის თავგადასავლების, აღმოჩენებისა და თავისუფლების სულისკვეთებას გამოხატავს. მის ხასიათს ცოტაოდენი ეშმაკობაც ემატება, რაც ერთი შეხედვითვე სიმპათიურს ხდის. ძლიერი აღნაგობითა და ადვილად ამოსაცნობი სახით Migoo ერთდროულად შთამბეჭდავი და მეგობრულია. მასში ძალა, მოხერხებულობა და კეთილგანწყობა ერთმანეთს ერწყმის — ისევე, როგორც OUTDOOR-ის მოდელებში, რომლებიც გარედან გამძლეა, შიგნით კი სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის განცდას ქმნის.
ახალი C3 OUTDOOR და C3 AIRCROSS OUTDOOR: გამორჩეული დიზაინის მქონე უმაღლესი კომპლექტაციის მოდელები
MAX კომპლექტაციის დონეზე მაღლა განთავსებული ახალი C3 OUTDOOR და C3 Aircross OUTDOOR პირველივე შეხედვით იქცევს ყურადღებას ექსკლუზიური დეტალებით.
ექსტერიერის დიზაინი: მეტი ძალა და ხასიათი
C3-სა და C3 Aircross-ს ახალი წინა ბამპერები აქვს, რომლებიც თითოეული მოდელისთვის ინდივიდუალურად შეიქმნა და ავტომობილებს უფრო მკაფიო ხასიათს სძენს. მათი უფრო სტრუქტურირებული, კუთხოვანი ფორმები ძალისა და თავდაჯერებულობის შთაბეჭდილებას ქმნის. ამ ეფექტს აძლიერებს გამორჩეული ნაცრისფერი დეტალი, რომელიც SUV-ებისთვის დამახასიათებელ დამცავ ქვედა ფარს მოგვაგონებს და ავტომობილს ელეგანტურ ვიზუალურ აქცენტს სძენს. C3 Aircross-ის შემთხვევაში, ქვედა ნაწილში LED ნისლსაწინააღმდეგო ფარებია ინტეგრირებული.
ამ არეს Infra Rouge ფერის ვერტიკალური Color Clips დეტალები აცოცხლებს. იგივე ფერი გამოყენებულია ავტომობილის უკანა გვერდითა პანელზე განთავსებულ Color Clip-ზეც. Infra Rouge ფერი მხოლოდ წინა და უკანა ბრენდის ემბლემებზეც გვხვდება. უკანა ნაწილს ასევე გამორჩეული ბამპერი აქვს, რომლის უფრო მკვეთრი ფორმები და მონაკვეთები მოდელს დამატებით ხასიათს სძენს.
გვერდიდან დათვალიერებისას C3-სა და C3 Aircross-ზე კარების ქვედა ნაწილში ნაცრისფერი ჩანართი ჩანს, რომელიც ვიზუალურად გამოკვეთს ავტომობილის სილუეტს. ეს მონაკვეთი OUTDOOR-ის ლოგოთია რელიეფურად დატანილი და მასზე პერსონაჟი Migoo-ც არის გამოსახული, რომელიც ამ მოდელების სერიას მხიარულ ელფერს სძენს. გვერდითი პროფილი ასევე გამოირჩევა ახალი, 17-დუიმიანი მსუბუქი შენადნობის დისკებით. მათი მკვეთრად კუთხოვანი დიზაინი — განსხვავებული C3-ისა და C3 Aircross-ისთვის — მოდელებს გამორჩეულ იერს ანიჭებს. დისკების ცენტრში Citroën-ის ლოგოა მოთავსებული, ასევე Infra Rouge ფერში.
ახალი Sequoia Green ფერი ამ მოდელების ხაზში პირველად ჩნდება. მასთან ერთად ხელმისაწვდომია Perla Nera Black, Mercury Grey, Banquise White და Bright Blue ფერები.
OUTDOOR-ის სალონის ინტერიერს წითელი აქცენტები აცოცხლებს
სალონის დიზაინიც ამაღლებულ შთაბეჭდილებასა და ყოველდღიური გარემოსგან თავის დაღწევის იდეას ემსახურება. ფერებისა და მასალების შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რათა სალონში უნიკალური ატმოსფერო შექმნილიყო, რომელიც OUTDOOR-ის დასვენებასა და თავისუფალ დროსთან დაკავშირებულ ხასიათს შეესაბამება.
ეს განწყობა Advanced Comfort სავარძლებშიც იგრძნობა. მათ საზურგეებსა და დასაჯდომ ნაწილებზე გამორჩეული გრაფიკული დიზაინი და დამახასიათებელი ჰორიზონტალური ხაზებია გამოყენებული. წინა სავარძლების საზურგეებზე ლაზერული ქარგვით Migoo-ს გამოსახულებაა დატანილი. სავარძლებს ელეგანტური, Infra Rouge ფერის დეკორატიული ნაკერებიც ამშვენებს, რომლებიც ასევე გვხვდება მკლავის საყრდენსა და კარის პანელებზე.
ეს გამორჩეული სტილი ვრცელდება დაფის, ცენტრალური მკლავის საყრდენისა და კარის პანელების ქსოვილის დეტალებსა და დეკორატიულ ჩანართებზეც. მგზავრის წინ, დაფის ქსოვილის ნაწილზე რელიეფურად დატანილ ჩანართს OUTDOOR-ის ლოგო ამშვენებს.
საჭესაც Infra Rouge ფერის ლოგო ამშვენებს. ინტერიერს დამატებით დინამიკურ ელფერს იმავე ფერის ღვედები სძენს.
C3 OUTDOOR: ქალაქის ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის სულისკვეთება
კომპაქტური, მოქნილი და თანამედროვე C3 OUTDOOR მათთვის შეიქმნა, ვისაც ქალაქის ყოველდღიური შეზღუდვებისგან თავის დაღწევა სურს კომფორტსა და სტილზე უარის თქმის გარეშე. მოდელს წინა პარკირების სენსორები აქვს, რაც ქალაქში მანევრირებას ამარტივებს და მის პრაქტიკულობას კიდევ უფრო ზრდის. ბენზინის ძრავით, 110 ცხ.ძ. სიმძლავრის ჰიბრიდული სისტემითა და ელექტროძრავით ხელმისაწვდომი C3 OUTDOOR სხვადასხვა საჭიროებას პასუხობს. ელექტრო ვერსიის სავალი მარაგი „Comfort Range“ რეჟიმში WLTP-ის მიხედვით 323 კმ-მდეა.
C3 Aircross OUTDOOR: იდეალური თანამგზავრი ოჯახური თავგადასავლებისთვის
ფართო სალონითა და ცნობილი მრავალფუნქციურობით C3 Aircross OUTDOOR კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ოჯახის საჭიროებებზე მორგებულ ხასიათს. მისი გამორჩეული მახასიათებლებია პრაქტიკული სახურავის რელსები, რომლებიც დასვენებისა და გარე აქტივობებისთვის საჭირო აღჭურვილობის გადატანას ამარტივებს, ასევე LED ნისლსაწინააღმდეგო ფარები, რომლებიც ავტომობილის იერსა და პრაქტიკულობას აძლიერებს. C3 Aircross OUTDOOR ხელმისაწვდომია ბენზინის ძრავებით, 110 და 145 ცხ.ძ. სიმძლავრის ჰიბრიდული სისტემებით, ასევე გაზრდილი სავალი მარაგის მქონე ელექტრო ვერსიით, რომლის სავალი მარაგიც 397 კმ-მდეა. ის იდეალური პარტნიორია როგორც ყოველდღიური მგზავრობისთვის, ისე ოჯახური მოგზაურობებისთვის.
AMI OUTDOOR: ელექტრომობილობას თავგადასავლების ელფერი ემატება
Ami OUTDOOR-ით Citroën თავისი გამორჩეული ელექტრომობილის სრულიად ახალ ვერსიას გვთავაზობს. ეს შეზღუდული სერია უნიკალურ ხასიათს უსვამს ხაზს და ამავდროულად ინარჩუნებს იმ სიმარტივესა და ხელმისაწვდომობას, რომლებმაც Ami წარმატებულ მოდელად აქცია.
Ami OUTDOOR პირველად გვთავაზობს პანორამული სახურავის ღიობს დახურულძარიან ვერსიაში, რომელსაც კარებიც აქვს. აქამდე ეს ფუნქცია მხოლოდ Buggy ვერსიაში იყო ხელმისაწვდომი. ასეთი კონფიგურაცია მგზავრებს გარემოს უკეთ აღქმისა და მეტი თავისუფლების შეგრძნებით მგზავრობის შესაძლებლობას აძლევს.
გარე აქტივობებისა და თავგადასავლების სამყაროთი შთაგონებული Ami OUTDOOR ექსკლუზიური Khaki Green ფერით გამოირჩევა. მას თეთრი ფოლადის დისკები და ბორბლების თაღებზე განთავსებული დეკორატიული სტიკერები ავსებს. გვერდებზე OUTDOOR-ის თემატური გრაფიკაა წარმოდგენილი: სტიკერები წინა კარების ქვედა პანელებზეა განთავსებული, OUTDOOR-ის ლოგო კი უკანა გვერდითა სვეტზეა დატანილი. წინა ნაწილში დეკორატიული ზოლი ზედა მონაკვეთს შემოსაზღვრავს და მოდელის მხიარულ ხასიათს კიდევ უფრო უსვამს ხაზს. დინამიკური იერისთვის ვერსიას უკანა სპოილერიც აქვს.
სალონის ინტერიერიც გამორჩეულია: სავარძლებს ახალი, სპეციალურად ამ ვერსიისთვის შექმნილი ფერი აქვს, საზურგეზე კი Migoo-ს გამოსახულებაა დატანილი. ინტერიერს ასევე ამშვენებს Infra Rouge ფერის ღვედები, როგორც წინა ვერსიებში. ამ დეტალებს ფერთა პაკეტი ავსებს, რომელიც სხვადასხვა სათავსოსა და აქსესუარს მოიცავს: დაფაზე განთავსებულ ხელთათმანების სათავსოს, ჩანთის საკიდს, კარის ჯიბეებს, იატაკის ხალიჩებს, ცენტრალურ ბადესა და სმარტფონის დამჭერს.
პატარა ელექტრო თავგადასავლების მოყვარულის იერით Ami OUTDOOR მიკრომობილობის ახალ ხედვას გვთავაზობს. ის მათთვისაა, ვისაც საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვა სურს და ამავდროულად, მარტივი ელექტრო მიკრომობილობით ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას ცდილობს.